|
|
|
| ტრენინგი - "სამართლიანი სასამართლოს უფლება" |
|
| 21-07-2009 |
|
19-20 ივლისს ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ორგანიზებით ბაკურიანში გაიმართა ტრენინგი “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი _ სამართლიანი სასამართლოს უფლება.” ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედმა 22-მა ადვოკატმა როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები დოინა იოანა სტრაისტეანუ, დინა ვედერნიკოვა და მარია ვოსკობიტოვა. შეხვედრა გახსნა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლეგაშვილმა.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლების საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევები, განსასჯელი პირების სპეციალური გარანტიები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, ძირითადი სტანდარტები და სტრატეგიული სამართალაწარმოება ევროკონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებით. ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს კაზუსები, გაიმართა დისკუსიები და გადაწყვეტილებების პრეზენტაციები.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი" და "ინტერაითსი" (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ "სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის" (სომხეთი) და "სამართლებრივი განათლების საზოგადოება" (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ.
|
 |
|