7 ივნისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა მრგვალი მაგიდა "პატიმართა ჯანმრთელობა და მათი სამართლებრივი მდგომარეობა". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე სპეციალურ მოხსენება პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გააკეთა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა; იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამია ისაუბრა დაავადებულ პატიმრებთან მიმართებაში სახელმწიფოს სტრატეგიაზე, ახალ მიდგომებსა და პერსპექტივებზე. მისი თქმით სექტემბრიდან პატიმართა და მსჯავრდებულთა ახალი სამკურნალო დაწესებულება დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც ავადმყოფ პატიმართა მდგომარეობას რადიკალურად გააუმჯობესებს. ახალი საავადმყოფო 400 პატიმარზე იქნება გათვლილი. მინისტრის განცხადებით, ინტენსიურად ამუშავდა ავადმყოფი პატიმრებისათვის სასჯელის გადავადების მექანიზმი, რაც შეამცირებს ციხესა და საპყრობილეეებში ავადმყოფი პატიმრების მოხვედრის ალბათობას. ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარემ" მანანა კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სასჯელის მოხდის გადავადებასა და სრულ გათავისუფლებასთან მიმართებაში სასამართლო პრაქტიკა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სახაზინო ადვოკატის სამსახურის, სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტები. მრგვალი მაგიდა გაიმართა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ორგანიზებით, პროექტის "მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საქართველოში ეუთოს მისიის მხარდაჭერით.
|