04-07-2009
შაბათს, 4 ივლისს, 14:00 საათზე, გორში სასტუმრო “ვიქტორიაში” გაიმართა ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატების და ექსპერტების სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე პრაქტიკოს ადვოკატებთან.
შეხვედრა გახსნა “სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" პროექტის კოორდინატორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ადვოკატებმა ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ისეთ საკითხები, როგორიცაა საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, წამების აკრძალვა ევროკონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება.
“ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელი” ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ინიციატივით 2006 წელს შეიქმნა და მასში 50-ზე მეტი ადვოკატია გაერთიანებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ქსელის მიზანია, ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე პრაქტიკოსი ადვოკატების პროფესიონალიზმის ზრდა, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრეცედენტული სამართლის დანერგვის გზით საქართველოს კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების გაძლიერება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი" და "ინტერაითსი" (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ "სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის" (სომხეთი) და "სამართლებრივი განათლების საზოგადოება" (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF RE ფონდის მიერ.