08-07-2009
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უმოქმედობის გამო კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. მსჯავრდებული ჯემალ ვერულიძე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში 14 ივნისს ფილტვების ტუბერკულიოზის დიაგნოზით გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მძიმედ დაავადებული პატიმრების ვადაზე ადრე განთავისუფლებას, როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის კვლავ მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად რჩება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით, აგრეთვე სამედიცინო ან სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან განუკურნებელი სენით დავადებული პირის მიმართ სასამართლოს უფლება აქვს გამოიტანოს განჩინება მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #72/ნ ბრძანებულებაში კი პირდაპირ არის ჩამოთვლილი ის დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში პირი პატიმრობიდან უნდა განთავისუფლდეს. ტუბერკულიოზი კი აღნიშნული კატეგორიის დაავადებათა ნუსხაშია შეყვანილი.
ჯემალ ვერულიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპყრობილეში ძალიან დამძიმდა, რასაც ადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნა. “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატებმა რამდენჯერმე მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მოეხდინათ მსჯავრდებული ვერულიძის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა, სადაც ჩაუტარდებოდა გამოკვლევები. თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ზომები მსჯავრდებულის დასახმარებლად, პირიქით მოხდა ადვოკატების მიერ დანიშნული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურება, რომლითაც კიდევ ერთხელ უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარების სიმძიმის დადგენა და შემდგომ სასამართლოსათვის მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ არ შეასრულა მასზე დაკისრებული პოზიტური ვალდებულებები, უხეშად დაარღვია, როგორც სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის ნორმები და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, ასევე ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს რეკომენდაციები, რომლებიც სწორედ მსგავსი ტიპის საქმეებზე იქნა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ.
“42-ე მუხლი” მოუწოდებს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს გაატაროს ქმედითი ზომები მძიმედ დაავადებული პატიმრებისათვის კანონით და საერთაშორისო ნორმებით მინიჭებული უფლებების დასაცავად.